11-დან 16 თებერვლამდე ასპინძის 2 საბავშვო ბაღში, სასწავლო პროცესი შეწყდა. ოფიციალური ვერსიით, სწავლის პროცესი სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა, მოსახლეობა კი ეჭვობს, რომ მიზეზი ჩაშლილი ტენდერი და დაბაში გავრცელებული ვირუსია.
სასწავლო პროცესის შეჩერებას რამდენმე მიზეზით ხსნიან თავად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში. მაიკო სანდოძე, რომელიც 2014წლის 2 თებერვლამდე გაერთიანებული ბაღების დირექტორი იყო, ამბობს, რომ საკვები პროდუქტების შესაძენად ტენდერის გამოცხადება დაგვიანდა. მისივე თქმით, პროცესს ხელი შეუშლა ბაღებში მიმდინარე საკადრო ცვლილებებმაც. #2 საბავშვო ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სკლამდელი აღზრდის დაწესებულებებს რეაბილიტაცია აუცილებლად ესაჭიროებოდა. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ შენობები არაერთხელ შემოწმდა და ხელმძღვანელებმა გაფრთხილებებიც მიიღეს.
ჩამსხვრეული მინები, დაზიანებული იატაკი, მოძველებული ინვენტარი და ამორტიზებული შენობა – ამ ყველაფერს პედაგოგთა დაბალი ხელფასები და არასასურველი სანიტარული პირობები ემატება. #2 საბავშო ბაგა-ბაღის ფინანსური მენეჯერი ლამზირა შემაზაშვილი განმარტავს, რომ დაბაში არსებული ორი საბავშვო ბაღი დროებით გაერთიანდება და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე ორივე ბაღის თანამშრომლებსა და 200-მდე აღსაზრდელს, 17 თებერვლიდან ერთ შენობაში მუშაობა მოუწევთ.
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოსალხეობაში გავრცელებულ ვერსიებს უარყოფს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ლევან ცაბაძის თქმით, საკვებ პროდუქტებზე ტენდერი სწორედ იმის გამო არ გამოცხადდა, რომ ბაღების რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ერთი კვირის განმავლობაში ორივე ბაღს დასვენება მოუწევდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის პირველი პირი არ აკონკრეტებს გაერთიანებული ბაღების ახალი ხელმძღვანელის ვინაობას, თუმცა აცხადებს, რომ რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია.
ასპინძაში სულ ოთხი საბავშვო ბაღია, აქედან ორი მათგანი თავად დაბაში, ორი კი სოფლებში -ტოლოშსა და რუსთავში ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის იმ დაწესებულებებში, სადაც სწავლა 16 თებერვლამდე შეჩერებულია, უახლოეს მომავალში სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ რეაბილიტაციის პროექტი მილიონი ლარი ჯდება, რომლის მთავრი სპონსორი მსოფლიო ბანკია, თანხის 15 %-ს კი ასპინძის გამგეობა გადაიხდის.
|