წიგნები,
რომელიც განადგურების პირას იყო სოფელ ზემო სხვილისის
ბიბლიოთეკიდან დღეს, ახალციხეში გადმოიტანეს. ამჟამად,
სახელმძღვანელოები მეექვსე საჯარო სკოლაში ინახება. დირექტორის თქმით,
სხვილისიდან წიგნების გადმოტანა სკოლის სახსრებით, ადგილობრივ
ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა.
„დღეს სხვილისიდან 3 000–ზე მეტი წიგნი გადმოვიტანეთ. მათი ნაწილი ნორმალურ მდგომარეობაშია, ნაწილი კი ჩამოწერას ექვემდებარება. ხვალ გადავახარისხებთ და წიგნებს სკოლაში შევინახავთ. შემდეგ კი სპეციალური კომისია გადაწყვეტს რა ბედი ეწევა“–განაცხადა „ექოსთან“ სატელეფონო საუბარში ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა.
ზემო სხვილისის ბიბლიოთეკა 2006 წელს გაუქმდა. იმისათვის, რომ სოფელი ბიბლიოთეკის გარეშე არ დარჩენილიყო, 2008 წელს, სხვილისის წიგნადი ფონდი ახალციხის მე–6 საჯარო სკოლის ბალანსზე გადავიდა. დირექტორი ამბობს, რომ წიგნებზე პასუხისმგებლობის აღება მისი ინიციატივა არ ყოფილა, რადგან სკოლას შენახვისათვის საკმარისი სახსრები არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, იგი იძულებული გახდა პირობას დათანხმებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელი ბიბლიოთეკის გარეშე რჩებოდა.
ზაზა თამარაშვილის თქმით, სოფელში ბიბლიოთეკის ფუნქციონირების სურვილი ადგილობრივებს არ ქონიათ. ამიტომ, ამ პერიოდის მანძილზე წიგნადი ფონდი უყურადღებოდ დარჩა და სკოლამაც თავის სახსრებით ვერ შეინახა. სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ წიგნადი ფონდის რაოდენობა ახლაც იგივეა, რაც მისი ჩაბარებისას იყო. „შესაძლოა, მას მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო მცირე ნაწილი აკლდეს“–ამბობს ზაზა თამარაშვილი.
სოფელ სხვილისიდან გადმოტანილი წიგნები ახალციხის მე–6 საჯარო სკოლაში დარჩება, რომელსაც სასწავლო დაწესებულების პედაგოგები და მოსწავლეები გამოიყენებენ.
|