ახალციხის რეფერალური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება ბავშვებს ვეღარ იტევს. პალატებში ადგილი აღარ არის, ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოთავსებულ ბავშვებს, მკურნალობას დერეფანში უტარებენ.
საავადმყოფოში ამბობენ, რომ მომართვიანობა ახალციხის პირველი ბაგა–ბაღის აღსაზრდელებიდან დაიწყო. ექიმების თქმით, მათი პაციენტები, ძირითადად 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ყველა მათგანი ბაგა–ბაღის აღსაზრდელია. მაღალი ტემპერატურა, პირღებინება და ფაღარათი – მშობლები ამბობენ, რომ ინფექციურ განყოფილებაში მოთავსებულ ყველა ბავშვს, ერთი და იგივე სიმპტომი აქვს.
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში აღრიცხვაზე მყოფი 32 ბავშვიდან, 31 ახალციხიდანაა. საშუალო სიმძიმის პაციენტებს, სამედიცინო დაწესებულებაში, სამი–ოთხი დღის განმავლობაში ტოვებენ. ნაწლავური ინფექციის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ანალიზები უკვე აღებულია და მას ლაბორატორიულად თბილისში სწავლობენ.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში, ბავშვების წყლითა და საკვებით დაინფიცირებას გამორიცხავენ. დირექტორი ამბობს, რომ მათი მოთხოვნით, პირველ ბაგა–ბაღში წყალს ლაბორატორიული ანალიზი შემთხვევის დაფიქსირების მეორე დღესვე ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დამაკმაყოფილებელია. ნანა ბერიძე ამტკიცებს, რომ ბაღში შესული ყველა საკვები პროდუქტი დეტალურად მოწმდება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შემავალ ბაგა–ბაღებში ამბობენ, რომ ნაწლავური ინფექციების ერთეული შემთხვევები, გასულ წლებშიც დაფიქსირებულა, თუმცა ამ მასშტაბის არასდროს. პრევენციის მიზნით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში, დეზინფექცია ყოველდღიურად ტარდება. ახალციხის პირველ საბავშვო ბაგა–ბაღში ამბობენ, რომ აღსაზრდელების რაოდენობა განახევრებულია.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ნაწლავური ინფექციის დაფიქსირების გამო, ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში ინსპექტირება ჩაატარეს და წყლის ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საზოგადოებსათან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, ბაგა–ბაღში შეუსაბამობები აღმოაჩინეს, რომლებიც კრიტიკული და ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. პირობების გამოსასწორებლად, სააღმზრდელო დაწესებულებას, კონკრეტული ვადა და რეკომენდაციები მისცეს.