ჯანდაცვა
რამდენ ხანს გრძელდება გრიპის ვაქცინის ეფექტი - რატომ არის საჭირო აცრა ყოველწლიურად
გასულ წელს გრიპის ეპიდემიამ მოსახლეობას ბევრი პრობლემა შეუქმნა, ამიტომ ექიმები გვირჩევენ, დროულად დავიჭიროთ თადარიგი ზამთრისათვის და გავეცნოთ გრიპის ვაქცინის შესახებ არსებულ ინფორმაციას.
გრიპის ვაქცინა ორგანიზმის თავდაცვის უნარს ბუნებრივად ასტიმულირებს. თუმცა იმუნიტეტის გამომუშავებას ვაქცინაციიდან გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ არის საჭირო, რომ ვაქცინაცია მოხდეს მანამდე, ვიდრე ვირუსი აქტიურ გავრცელებას დაიწყებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინა მოქმედებას იწყებს აცრიდან დაახლოებით ორ კვირაში, ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერი-ნოემბერი. გრიპის ვაქცინაციის ეფექტი (იმუნიტეტი) გრძელდება 8 თვიდან 1 წლამდე. ხშირ შემთხვევაში, გრიპის ვაქცინას არ გააჩნია მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები. ინექციის ადგილი შესაძლოა გარკვეული დროით გაწითლდეს და შეშუპდეს, რაც მალევე ალაგდება.
აცრის შემდეგ, იმუნიტეტის განვითარებამდე, მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ვირუსით დაინფიცირება, რა დროსაც ვაქცინაცია უშედეგო აღმოჩნდება. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ევროპასა და აშშ-ში მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იკეთებს. რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოს მოსახლეობაზე.
ვაქცინაციას, ზოგადად აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. გრიპის ვაქცინაციის დადებით მხარედ მიიჩნევა პირველ რიგში ის, რომ ვაქცინაცია პროფილაქტიკური პროცედურაა. გრიპის ვირუსი კი ინფიცირებისას ზოგჯერ საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ამიტომ დაავადების თავიდან ასაცილებლად ჯობია ვიბრძოლოთ მისი გამომწვევის წინააღმდეგ და ჩავიტაროთ ვაქცინაცია.
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იმუნიტეტი ვრცელდება მხოლოდ ვირუსის კონკრეტული შტამებისთვის. ვირუსები კი მუდმივად იცვლება და ყოველწლიურად ჩნდება მათი ახალი შტამები, რომელთა წინააღმდეგაც იმუნიტეტი უკვე უძლურია. ამიტომ აცრა ყოველწლიურად არის საჭირო.
თანამედროვე ვაქცინები საიმედოდ იცავენ ორგანიზმს გრიპისგან. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აცრის შემთხვევაში აცრილთა 80% არ ავადდება გრიპით ან დაავადება იოლი ფორმით ვლინდება.
ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას ურჩევენ შემდეგი ჯგუფის ადამიანებს:
- მოხუცები
- მცირეწლოვანი ბავშვები
- გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიის მქონე პირები
- დიაბეტიანები
- აივ ინფექციის და C ჰეპატიტის მქონე პირები
ამ კატეგორიის პაციენტებში გრიპი უფრო რთულად მიმდინარეობს და მას მეტი გართულება მოჰყვება. ასევე, მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ბაღებისა და სკოლაში მომსახურე პერსონალისთვის, რადგან ხშირად ადამიანების ეს კატეგორია ავადდება გრიპით.
გააზიარეთ :