ჯანდაცვა
ახალციხელებმა COVID19-ის ვაქცინა გაიკეთეს
44 წლის ახალციხელმა ირმა გელაშვილმა, რომელიც ათენში იმყოფება, კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ემიგრანტი "ფაიზერით" 12 თებერვალს აცრეს. ის ორი წელია საბერძნეთში, ათენის კლინიკა „ფილოქტიტში“ ექთნად მუშაობს. ვაქცინაციაც ამის გამო, დროულად მოუწია. ამბობს, რომ საბერძნეთის ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ ვაქცინას ენდობა.
"არანაირი გართულება არ მქონია. მადლობელი ვარ საბერძნეთის. ვენდობი ამ ვაქცინას და თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. ვაქცინაციის გარდა მუშაობას ვერ გავაგრძელებდით, ვალდებულება იყო", - გვიყვება ემიგრანტი.
კორონავირუსის აცრა ირმა გელაშვილის გარდა, ამავე კლინიკაში დასაქმებულმა 15-მდე ქართველმაც გაიკეთა.
ორივე ინექცია ჩაიტარა და ვაქცინაცია დაასრულა საბერძნეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა ლიდა იაძემ.
"მე ორივე ვაქცინა გავიკეთე. გართულებები არ მქონია, მხოლოდ აცრის ადგილი მტკივა, რა თქმა უნდა ეს ბუნებრივია", - წერს ემიგრანტი სოციალურ ქსელში.
ჯერ კიდევ ორი თვის წინ აიცრა ახალციხელი ლელა ოქრომელიძე, რომელიც აშშ-ში, კლინიკაში მუშაობს. კორონავირუსის პირველი ვაქცინა 2020 წლის დეკემბერში გაუკეთეს, მეორე კი - იანვარში. ლელას დედა დალი ქოზაშვილი ამბობს, რომ ვაქცინაციამ უპრობლემოდ ჩაიარა და მის შვილს რაიმე სახის გართულება არ ჰქონია.
"ჩემს ქალიშვილს მხოლოდ პირველ დღეს ჰქონდა ტემპერატურა, შემდეგ უკვე ნორმალურად იყო".
რეგიონში გამოკითხული მოსახლეობის არცთუ ცოტა ნაწილი Covid19-ის ვაქცინას უნდობლად უყურებს და ამბობს, რომ ვაქცინაციას არ ჩაიტარებენ. მოქალაქეებს მწარმოებლებისა და ვაქცინის გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია თითქმის არ აქვთ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა კოვაქს პლატფორმის საშუალებით თებერვლის შუა რიცხვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს.
პირველ ეტაპზე, საქართველოში სამედიცინო პერსონალი აიცრება.
გააზიარეთ :