მალე იქნება გადაწყვეტილება 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის საკითხი აქტიურად განიხილება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მუშავდება ორი ვერსია.
"იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს, ვფიქრობ, საკმაოდ მალე იქნება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას.
ორი მიდგომაა - ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია". გამყრელიძის განცხადებით, თუ ამ ტემპებით გაგრძელდა ვაქცინაცია წლის ბოლომდე 60%-ის აცრა გაჭირდება.
„ამ ტემპებით თუ გავაგრძელებთ - დღეში 12 000 აცრილი, წლის ბოლო 60%-ის მიღწევა გაგვიჭირდება, მაგრამ თუ ავედით დღეში 18-20 ათასამდე, შევასრულებთ, თუმცა, ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა “, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.