ჯანდაცვა
სამედიცინო რეგულირების სააგენტო ფიქრია ბარბაქაძისთვის ჩატარებული ოპერაციის დეტალებს შეისწავლის
სამედიცინო რეგულირების სააგენტო ახალციხელი ფიქრია ბარბაქაძისთვის ჩატარებული ოპერაციის დეტალებს შეისწავლის. ამ ეტაპზე კლინიკა „იმედიდან“ პაციენტის ისტორიის ამოსაღებად სასამართლოს ნებართვაა საჭირო. რომლის მისაღებად, სააგენტომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.
„შესწავლის პროცესი დაწყებულია. საქალაქო სასამართლოსგან მიმდინარეობს ნებართვის მიღება, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, რომ შევიდეთ და პაციენტის ისტორია ამოვიღოთ. ამის მერე კი შევისწავლით და გადაწყდება მოხდება თუ არა მერე პროფესიულ საბჭოზე გატანა“ - განმარტავენ სააგენტოში.
როგორც სამედიცინო რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, საგამოძიებო უწყებამ განცხადებით მათ მიმდინარე წლის 26 იანვარს მიმართა. ფიქრია ბარბაქაძე კი სიმართლის დასადგენად თითქმის ერთი წელია იბრძვის. ახალგაზრდა ქალის საქმეს ახალციხის რაიონული სამმართველო იკვლევს, თუმცა საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ბარბაქაძის შესახებ ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა.
35 წლის ფიქრია ბარბაქაძეს ოპერაცია კლინიკა „იმედში“ 2016 წელს ჩაუტარდა, რა დროსაც მედიკოსებმა უთხრეს, რომ მარჯვენა ფალოპის მილი ამოაჭრეს. ოპერაცია ექიმებმა, მარინა ხაბაროვამ და მალხაზ მაისურაძემ ჩაატარეს. 4 წლის შემდეგ პაციენტმა სხვა კლინიკაში აღმოაჩინა, რომ ამოჭრილი ფალოპის მილი ისევ ადგილზე აქვს. ფიქრია ბარბაქაძემ სიმართლის დასადგენად, ერთი წლის წინ, სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაც ჩაიტარა. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული მიენიჭება თუ არა საქმეს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი. ამ დროისთვის გამოძიება პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
გააზიარეთ :