იმუნიზაციის საბჭომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის IV დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა
იმუნიზაციის საბჭომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. როგორც თსსუ-ს პროფესორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე განმარტავს, მოქალაქეებმა მეოთხე დოზა, პირველი „ბუსტერიდან“ 4 თვის შემდეგ უნდა გაიკეთონ.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა აუცილებელია, ვინაიდან ვაქცინაციიდან 4-5 თვის შემდეგ იმუნიტეტი მცირდება და გააქტიურება სჭირდება.
ჩვენ 4 თვიანი პერიოდი განვსაზღვრეთ. ამიტომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც 50 წელს გადაცილებულია და 4 თვის წინ აქვს გაკეთებული პირველი „ბუსტერ დოზა“, მათ შეუძლიათ მიმართონ ვაქცინაციის კაბინეტს, როდესაც შესაბამისი სამთავრობო დადგენილება იქნება.
ამ რეკომენდაციას საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ და შემდეგ იქნება მთავრობის გადაწყვეტილება... ვფიქრობ, თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, მნიშვნელოვანი იქნება“,- აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
გარდა ამისა, მან ეპიდვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა „ბუსტერი“ გაიკეთონ ზაფხულში, შვებულებამდე, ვინაიდან მობილობის დროს ინფიცირების რისკი იზრდება.
„შევახსენებ მოსახლეობას, რომ პანდემია არ დასრულებულა. რა თქმა უნდა, ეპიდვითარება გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსი გაქრა. 300-400 ინფიცირებული დიდი მაჩვენებელია, ჩვენ პანდემია 6-10 ინფიცირებულით დავიწყეთ. პანდემიის პირველ პერიოდთან შედარებით ახლა მაჩვენებელი გაზრდილია",- აღნიშნავს ჩხაიძე.