რა იცვლება კლინიკის პაციენტებისთვის პირველი ნოემბრიდან
1-ლი ნოემბრიდან საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.
როგორც ჯანდაცვის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა განმარტა, ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტებს კლინიკის მიერ წარდგენილ და სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასებს შორის სხვაობის დაფარვა აღარ მოუწევთ.
"იმ ფორმით, რომლითაც გაცხადებულია DRG-ზე გადასვლა და იმ რეგულირებადი გარემოთი, რომელიც ამ შემთხვევაში ზღუდავს ფასთა სხვაობას, პაციენტისთვის შეიცვლება ის, რომ ნებისმიერ კლინიკაში, რომელშიც მივა, თუ ის კლინიკა მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, და თუ ეს პაციენტი არის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარი, განსხვავებულ ფასს არ გადაიხდის.
თუმცა, თანაგადახდა არ შემცირდება. თანაგადახდა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული, სხვადასხვა ბენეფიციარს განსხვავებული აქვს. ისევ 1000-ლარიანი ტარიფით რომ წავიდეთ, 10%-იანი თანაგადახდა თუ აქვს პაციენტს, იმ 100 ლარს დღესაც გადაიხდის. მაგრამ, იმ დაფინანსების მეთოდის პირობებში, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამ 100 ლარის გარდა, სხვაობის გადახდაც უწევდა პაციენტს. კლინიკის მიერ წარდგენილ ფასს და სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ფასს შორის სხვაობის. სწორედ, ეს სხვაობა აღარ ექნება პაციენტს გადასახდელი",- განაცხადა მაია მახარაშვილმა.