როგორია ჩუტყვავილას გავრცელების სტატისტიკა საქართველოში?
ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება, უჩვეულო მატება გვქონდა, ახლა ვითარება დასტაბილურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნია განმარტავს, მცირე ასაკის ბავშვებში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო თუ პირს ის მოზრდილ ასაკში განუვითარდება, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო.
„ზოგადად, ჩუტყვავილას გარკვეული წლიური ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, მომდევნო წელი კი შეიძლება ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყოს.
ქვეყანაში გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება. უჩვეულო მატება იყო, იმაზე მეტი იყო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. ახლა ვითარება დასტაბილურდა. ველით, რომ შემთხვევები დაიკლებს. ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
ზოგადად, ჩუტყვავილა მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, საყურადღებოა ის, ვისაც რაიმე სხვა თანმხლები დაავადებაა აქვს. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ ჩუტყვავილა განვითარდა, ექიმის ჩარევა აუცილებელია, შეიძლება პირს ანტივირუსული მკურნალობაც დასჭირდეს. ამასთან, თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, არ უნდა იყოს სხვა ბავშვებთან კონტაქტში. საშიში აქ არაფერია, მთავარია ბავშვი მშვიდად იყოს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს. პაციენტების უმეტეს ნაწილში მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თუ მოზრდილ ასაკში განვითარდა ჩუტყვავილა, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ არ არის ვაქცინაციის კალენდარში შეტანილი ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„ბევრი შეკითხვა ისმის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის რუტინულ კალენდარში შეტანასთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩუტყვავილა რუტინულ კალენდარში შეტანილი არ არის. მაგალითად, ბრიტანეთსაც კი არ აქვს ის რუტინულ კალენდარში შეტანილი. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუტინულ კალენდარში შეყვანის შემთხვევაში წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა სწრაფად ახდენს ვაქცინაციით მოსახლეობის 80%-იან მოცვას. აქედან გამომდინარე, თუ ქვეყანას მოსახლეობის 80%-იანი მოცვის სწრაფი შესაძლებლობა არ აქვს, ეს ვაქცინაცია პირიქით რისკებს ქმნის.
ექსპერტების ჯგუფი, რომელიც რამდენჯერმე იკრიბება, განიხილავს აღნიშნულ საკითხს. ბოლო მსჯელობის შედეგად აღინიშნა, რომ არ არის იმის მზაობა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინით მოსახლეობის 80%-იანი მოცვა მოხდეს და რისკები შემცირდეს. ეს რისკებს არ ამცირებდა, ამდენად, თავი შეიკავეს რეკომენდაციის გაცემისგან.
ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდებულია ექიმებში, ვინც ინფექციურ პაციენტებთან მუშაობს, იმასთან ვისაც ოჯახში დასუსტებული იმუნური სისტემის ოჯახის წევრი ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ექსპერტების პოზიციას ვიზიარებთ“, - აღნიშნავს გაბუნია.