კულტურა
წარმართული ტრადიციის ახალციხური გაგრძელება
შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ.
ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება.
ასეთია ჩვენში გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.
ახალციხეში, ე.წ. ,,ადინაცატების" დასახლებაში ჭიაკოკონობის რიტუალს ორჯერ აღნიშნავენ. ოთხშაბათს პატარა, ხუთშაბათს კი დიდ კოცონს ანთებენ. ჭიაკოკონობის აღნიშვნა ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლემა დღეს, 9 საათზე დაიწყეს და ეზოში კოცონიც დაანთეს.
,,კონკრეტული ადგილი გვაქვს, სადაც ყოველწლიურად ვიკრიბებით. ხუთშაბათ დღეს ფიჩხებით ცეცხლს ვანთებთ. აუცილებელია სამჯერ გადაახტე ანთებულ ცეცხლს, რათა ეშმაკები განდევნო. შემდეგ პატარა სუფრასაც გავშლით და თითო ჭიქით დავლოცავთ დღევანდელ დღეს" - ყვება უბნის მაცხოვრებელი ლევან ბერიძე.
ახალციხეში, ჭიაკოკონობას გაშლილი სუფრის ტრადიცია არც წელს დაურღვევიათ.
,,წინაპრების ტრადიცია გვინდა შემოვინახოთ და ახალგაზრდებსაც გადავცეთ. ყოველ წელს ორჯერ ვიკრიბებით და მზის ჩასვლის შემდეგ გორაზე, ჯვართან ახლოს ცეცხლს ვანთებთ" - ამბობს გიორგი რიჟამაძე.
ე.წ. ჭიაკოკონობის ცეცხლი დიდმარხვის ბოლო კვირაში, ვნების ოთხშაბათს ინთება. თუმცა, ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები ამ დღეს ხუთშაბათს ღამით აღნიშნავენ.
გააზიარეთ :