სოფელი სარო სამცხისა და ჯავახეთის გასაყარზე მდებარეობს და უძველეს მატერიალურ თუ არამატერიალურ მემკვიდრეობას, დღემდე ინახავს. მიუხედავად ამისა, ტურისტები მას იშვიათად სტუმრობენ. სპეციალისტთა ნაწილი, ამის მიზეზად, იმას ასახელებს, რომ სამცხე–ჯავახეთის ტურისტულ მარშრუტებში, სარო შეტანილი არ არის. სხვა შემთხვევაში, ეგვიპტის პირამიდების პერიოდში აგებული ეს ციკლოპური ნაგებობები ყველა უცხოელი თუ ადგილობრივი დამთვალიერებლისთვის საინტერესო და ეგზოტიკური უნდა იყოს. ეს ნაგებობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე–მეორე ათასწლეულით თარიღდება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვები მშრალად დაწყობილია და ერთმანეთთან სხვა მასალა არ აკავშირებთ.
საროს კიდევ ერთი მემკვიდრეობა, მესხური დარბაზებია. სოფელში ყველაზე კარგად ასპანიძეების საგვარეულო ოდაა შემორჩენილი. სპეციფიურად დახურული ჭერით, მიდგმული მესხური ფურნითა და ბუხრით იგი 150 წელს ითვლის.
მესხური ფურნე საროს კიდევ ერთი მემკვიდრეობაა, რომელიც მხოლოდ მესხეთისთვისაა დამახასიათებელი. 83 წლის ნადია მელიქიძისათვის აქ გამომცხვარი პური და ქადა ყველაზე გემრიელია, თუმცა ახლა სახლში მარტო ცხოვრობს და ისევე, როგორც მისი მეზობლები, ფურნეს თითქმის 10 წელია აღარ იყენებს.
მატერიალური ფასეულობების გარდა, სარო არამატერიალური მემკვიდრეობითაც გამოირჩევა. აქ ჯერ კიდევ ძველი რეცეპტებით მზადდება სხვადასხავა ტრადიციული კერძი. სოფელი თუთის ნაწარმით გამორჩეულია.
სარველები ამბობენ, რომ ტურისტების მოსაზიდად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გზებზე მანიშნებლების დამონტაჟებაა აუცილებელი. თუკი მესხური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და სოფლის პოპულარიზაციაც მოხდება, სარველები არაერთ ტურისტს, სხვადასხვა ქვეყნიდან უმასპინძლებენ.