ადიგენში ზარზმობა აღინიშნა. სახალხო–რელიგიური დღესასწაული ადგილობრივმა და ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩასულმა მოსახლეობამ ერთობლივად იზეიმა. სპეციალურად ამ დღისათვის წმინდა წირვა სამი ეპარქიის მიტროპოლიტმა ერთობლივად აღავლინა, რის შემდეგაც კულტურული ნაწილი დაიწყო.
ზარზმობის დღესასწაული, რომელიც წმინდა სერაპიონ ზარზმელის სახელს უკავშირდება, ადიგენში განსაკუთრებულად აღინიშნა. სახალხო–რელიგიური დღესასწაული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წირვით დაიწყო. საღვთიმეტყველო ლიტურგია წმინდა სინოდის სამმა წევრმა ერთობლივად აღავლინა: ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ახალქალაქის, კუმურდოსა და სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიების მიტროპოლიტებმა მრევლი დალოცეს და წმინდა სერაპიონ ზარზმელისა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს.
საღვთისმეტყველო ლიტურგიის შემდეგ, დღესასწაულის კულტურული ნაწილი დაიწყო. ღონისძიება სპეციალურად ამ დღისთვის დედაქალაქიდან ჩამოსულმა ანსამბლ ,,ერისიონის“ ახალმა თაობამ, ცეკვა ,,ქართულით“ გახსნა. რის შემდეგაც სცენაზე ქორეოგრაფული და სასიმღერო ნომრები წარადგინეს. გარდა ღონისძებისა, დღესასწაულზე ადიგენის სხვადასხვა სოფელში მდებარე ეკლესიებთან არსებულმა ცენტრებმა ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა მოაწყეს. ზარზმობისთვის ადიგენს მოსახლეობა მიმდებარე სოფლებიდან და ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ესტუმრა.
სახალხო–რელიგიური დღესასწაული – ზარზმობა ადიგენში უკვე წლებია იმართება. საბჭოთა პერიოდში მას მხოლოდ სახალხო ზეიმის სახე ჰქონდა. ამ ეტაპზე, ყოველწლიურად დღესასწაულს ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს. ზარზმობისათვის, მიმდინარე წელს, ადიგენის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 500 ლარი გამოიყო.
ზარზმის მონასტრის დამაარსებლისა და მისი პირველი წინამძღვრის სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე 11 ნოემბერს აღინიშნება. წმინდანი, რომელიც წარმოშობით კლარჯეთიდან იყო, IX საუკუნეში მოღვაწეობდა. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, იგი სხვა ბერებთან ერთად სამცხისაკენ ეკლესიის ასაგებად წამოვიდა. იმხანად სამცხის დიდი მთავარი, გიორგი ჩორჩანელი, თვითონ ეწვია სერაპიონს და შემწეობა აღმოუჩინა; მან მონასტრისათვის სამშენებლო მასალა და მიწა გამოყო. მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა. გიორგი ჩორჩანელმა მონასტერს ჯორ-სახედრები მისცა და სოფლები შესწირა. მონასტრის ტიპოკონი კი სერაპიონმა დაადგინა. წმინდანი ზარზმის მონასტერში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. იგი საკურთხევლის აღმოსავლეთით არის დაკრძალული.