ახალიცხეში არსებული კულტურის სახლის საუკუნოვანი შენობა დანგრევის პირასაა. დაწესებულება, სადაც დაახლოებით, 70–მდე აღსაზრდელი სწავლობს, ყოველდღიურად საფრთხის წინაშეა. ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრობენ და გამოსავალს ეძებენ.
დაბზარული კედლები, მოძველებული ინფრასტრუქტურა, მწყობრიდან გამოსული კარ–ფანჯარა და სიძველის სუნით გაჟღენთილი ოთახები – ასე გამოიყურება ახალციხეში, იაძის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლი. შენობა, რომელიც მრავალწლიან ისტორიას ატარებს დღეს უკვე დანგრევის პირასაა.
ახალციხის კულტურის სახლში 70–მდე ახალგაზრდა სწავლობს. დაწესებულებაში გახნილია დოლის, ვიოლინოს, გიტარის, ფანდურის, ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი წრეები. მოსწავლეები და მასწავლებლები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და ამიტომ შესაძლოა მათ სოცოცხლეს საფრთხეც დაემუქროს.
შენობის ავარიულობაზე დაწესებულების მენეჯერიც ღიად საუბრობს. მავრა ბახტურიძე ამბობს, რომ დაწესებულებას საკმარისი ფინანსები არ აქვს, რომ ობიექტი თავად მოაწესრიგოს. კულტურის სახლში გამოსაცვლელია მუსიკალური ინსტრუმენტებიც, თუმცა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს იმ რესურსის გამოყენება უწევთ, რომელიც ამ ეტაპზე დაწესებულებას აქვს.
ახალციხის მერიაში კულტურის სახლში არსებული პრობლემის შესახებ, იციან და ამბობენ, რომ მის გადაჭრის გზებზეც ფიქრობენ. თუმცა, კონკრეტულად, რა სახით შეიძლება საკითხის მოგვარება აღნიშნულს ვერ აკონკრეტებენ.
იაძის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც ამ დროისთვის კულტურის სახლი ფუნქციონირებს, მეთვრამეტე საუკუნის 80–იან წლებშია აგებული. შენობაში, თავდაპირველად საწყობი იყო განთავსებული, მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დროს კი – სასამართლო. კულტურის სახლი 1978 წლიდან გადავიდა და დღემდე ამ სტატუსით ფუნქციონირებს.