ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის გასაწმენდად ინტენსიური სამუშაოები 4 ნოემბრიდან დაიწყება. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში რესტავრატორებმა კვლევა უკვე დაასრულეს.
დადგენილია მეთოდი, რომლის მიხედვითაც გამურული ფრესკები გაიწმინდება.
სამონასტრო კომპლექსის დასათვარიელებლად ვარძიაში ჩავიდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელიც. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სააგენტო ძეგლის მოვლა–პატრონობას საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ახორციელებს.
ხანძარი ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში 1 ნოემბერს გვიან ღამით გაჩნდა. ჩუმი წვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძარი ტაძრის გაღების შემდეგ აალდა და მე–12 საუკუნის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა. გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც.
ტაძარი ვიზიტორებისთვის დაკეტილია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოთხოვნით, მომხდარს სამართალდამცველები იკვლევენ.