ვარძიაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი დალუქეს. ამჟამად აქ ხანძრის შედეგად დაზიანებული მხატვრობის შესწავლა მიმდინარეობს. სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, რა მეთოდით შეიძლება ფრესკების გაწმენდა.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ეკლესიაში, ხანძრის შედეგად კედლის მხატვრობა ჭვარტლით ნაწილობრივ დაიფარა, გამურულია თამარ მეფის უნიკალური ფრესკაც. ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი სანთლების მაგიდას გვიან ღამით გაუჩნდა. ტაძარი მოქმედია და იქ მუდმივად აღევლინება ღვთისმსახურება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ვარძიაში სპეციალისტები და სპეციალური ხარაჩო-დანადგარი გაგზავნა. დღეს არსებული მდგომარეობის ანალიზი და დიაგნოსტიკა დაიწყეს. ტურისტებისთვის ტაძარში შესვლა აკრძალულია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი რეაგირების მოთხოვნით, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა. დაწყებულია მოკვლევა.