„ახალციხე – სამცხე–ჯავახეთის ცენტრი“ – ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც ახალციხის ციხის ისტორიულ კომპლექსში გაიმართა. მას სასტუმროების მენეჯერები, არასამთავრობო ორგანიზაციების, სომხური დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ტურიზმის განვითარებით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. ალბომები მათ საჩუქრად გადაეცათ.
ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თქმით, ალბომის შექმნის ინიციატივა კახა კოპაძეს უკუთვნოდა, მოგვიანებით იდეა მათ მიერ დამუშავდა და განხორციელდა. კულტურის სამსახურს მნიშვნელოვანი დახმარება ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა გაუწიეს.
ქართულ–ინგლისურ ენოვან ალბომში ქალაქის დაარსების მოკლე ისტორია და რეგიონის, ძირითადი ღირსშესანიშნაობებია შესული. ტირაჟი 500 ცალს შეადგენს.
ალბომის ფოტოები ბადრი ვადაჩკორიას ეკუთვნის. მისი გამოცემისთვის ახალციხის მერიის ბიუჯეტიდან 4 900 ლარი დაიხარჯა.