ჯავახეთში ძველი პეტროგლიფები აღმოაჩინეს
ჯავახეთში, სოფელ პატარა გონდრიოსთან, კვლევის ცენტრის ექსპედიციის ფარგლებში ერთ-ერთ ნასახლარზე ძველი პეტროგლიფები დააფიქსირეს -
ამის შესახებ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი ნიკოლოზ ჟღენტი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
"ერთ-ერთი ნასახლარის ტერიტორიაზე, ხევში ვნახეთ კლდე, რომელზეც ძველი პეტროგლიფები (კლდეზე ამოკვეთილი გამოსახულებები) დავაფიქსირეთ. რამდენადაც ვიცი ეს პეტროგლიფები უცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის. მეტიც - ჯავახეთში მგონი არც იყო გამოვლენილი პეტროგლიფები აქამდე. თარიღის განსაზღვრა ძალიან რთულია, თუმცა გამოსახულებებზე განირჩევა მხედრები და მშვილდოსანი. შესაბამისად, პეტროგლიფების თარიღის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი შესაძლოა ცხენის მოთვინიერების პერიოდიც იყოს (ძვ. წ. 2500 წლიდან აქეთ). თუმცა ეს უბრალოდ არასპეციალისტის დაკვირვებაა" - წერს ნიკოლოზ ჟღენტი.
იგი სპეციალისტებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ და შეისწავლონ ახლად აღმოჩენილი მასალა.