ლევან არეშიძე ვარძიის სამონასტრო კომპლექსს გზიდან ათვალიერებს. ეტლით მოსარგებლეებისთვის, ისტორიული ძეგლის მონახულება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო შეუძლებელია.
კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ვარძიაში, ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით, სამუშაოები იწყება. ამ ეტაპზე, ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების პროექტის შემუშავება და განხორციელება.
კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ვარძიის კომპლექსის დათვალიერებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეძლებენ.
ინკლუზიური ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, ვარძიის რეაბილიტაცია გრძელდება. კომპლექსზე კლდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს გულისხმობს. აღნიშნულ პროცესში მთამსვლელები ჩაერთვნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მოინახულა.
მიხეილ გიორგაძემ და ნიკოლოზ ანთიძემ სოფელი ჭაჭკარიც მოინახულეს, სადაც ამ დროისათვის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით სოფლის სამეურნეო ფუნქციის აღდგენას და რეგიონის ტურისტულ ქსელში მის ჩართვას ითვალისწინებს.