საქართველოში პირველად, ინკლუზიური ტურიზმის განვითარებისთვის სამუშაოების დაწყება იგეგმება. შედეგად, შშმ პირებს ვარძიის კომპლექსის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლებათ.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად ვარძიას ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა.
უკვე დაწყებულია კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს გულისხმობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე და ნიკოლოზ ანთიძე სოფელ ჭაჭკარსაც მოინახულებენ. ჭაჭკარის რეაბილიტაციის დაწყება 4 ივნისს, პრემიერის ვიზიტის დროს, მისივე ინიციატივით გადაწყდა. ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს სოფლის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები.
სოფელ ჭაჭკარის პროექტი სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი აგროტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის ურთიერთობით სოფლის სამეურნეო ფუნქციის აღდგენას და რეგიონის ტურისტულ ქსელში მის ჩართვას ითვალისწინებს.
მსოფლიო მნიშვნელობის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის – ვარძიის უკან, კლდის ჩრდილო–აღმოსავლეთით განლაგებული სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს. სოფელში დღემდე შემორჩენილია დაზიანებული ტერასები, 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელი , ოთხსაუკუნოვანი ვაზი. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმინდა გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები.
სოფელ ჭაჭკარში განხორციელებული აქტივობები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიბისი ფონდისა და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს.