ახალციხის მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ვალეში, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღნიშნა. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდები ერთმანეთს ჭადრაკში, შაშში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივების ხელნაკეთი ნამუშევრები და ნახატები გამოიფინა. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მუსიკისა და პოეზიის საღამოთი დასრულდა. ახალგაზრდებმა მაყურებელს საკუთარი ლექსები წაუკითხეს და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს. ვალეში გამართულ ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა გაუწია. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა. ამ დღის მიზანი ახალგაზრდების წახალისებაა.