ეროვნული სამოსის დღე ახალციხის ციხეზე აღარ აღინიშნება
საქართველოს ეროვნული სამოსის დღე ახალციხის ციხის ნაცვლად მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება.
ღონისძიების გადატანის მიზეზი ციხის კომპლექსის დახურვაა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ახალციხის ციხე 18 მაისს ვერც ვიზიტორებს მიიღებს, რადგან მთელი დღის განმავლობაში სატელევიზიო პროგრამის გადაღებებია დაგეგმილი.
საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს ახალციხიელები 11:00 საათზე შეუერთდებიან. ხალხური ცეკვის ანსამბლ "მესხეთის" მოცეკვავეები მესხეთის თეატრის წინ ეროვნულ სამოსში ფოტოებს გადაიღებენ და ისტორიას გააცოცხლებენ.
საქართველოში ეროვნული სამოსის დღე წელს მეორედ აღინიშნება. ღონისძიებები საქართველოს 25 და სხვადასხვა ქვეყნის 12-მდე ქალაქში გაიმართება.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეები, გასულ წელს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და საინიციატივო ჯგუფის იდეას – საქართველოში, 18 მაისი, ეროვნული სამოსის დღედ დაწესდეს – მხარი დაუჭირეს.