კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ისტორიული ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესის გასააქტიურებლად კამპანიას "ემეგობრე მემკვიდრეობას" იწყებს.
პროექტს უკვე შეუერთდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრი და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიქმნება კლუბი, რომელში გაწევრიანებული ადამიანებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეში.
"ეს არის პრაქტიკულად ევროპული მოდელის საქართველოში დანერგვა. კლუბში გაწევრიანდებიან დაინტერესებული პირები როგორც ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები. მათ ექნებათ გარკვეული ბენეფიტები, სარგებელი, ისინი მიიღებენ ინფორმაციას მათ მიერ გაწეული ფინანსური დანახარჯების შესაბამისად" - განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.
როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აღნიშნა, კლუბის მიზანია, გააერთიანოს როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
"
კლუბის მიზანია გავაერთიანოთ საზოგადოების როგორც ჩვეულებრივი წევრები, ასევე ბიზნესსექტორი, რომლებიც ჩართული იქნებიან კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის საქმეში" - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც კლუბში იქნებიან გაწევრიანებული, გარკვეულ სარგებელს მიიღებენ. ეს სარგებელი შეიძლება იყოს მაგალითად, საქართველოს ყველა მუზეუმში უფასო დაშვება.
"ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარძიის მხატვრობის თანადაფინანსება სახელმწიფოსთან ერთად გადაწყვიტა კერძო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ეს გადამდები აღმოჩნდა და უკვე დაახლოებით 30-მდე ორგანიზაციაა ჩვენი პარტნიორი. კლუბის წევრი არა მარტო ქველმოქმედებით არის ჩართული ამ პროექტში, არამედ თვითონვე გარკვეულ სარგებელს ნახულობს. ეს სარგებელი შეიძლება იყოს საქართველოს ყველა მუზეუმში უფასო დაშვება, ჩვენი ბიზნესპარტნიორების მომსახურების ფასდაკლება და ა. შ." - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
პროექტის "ემეგობრე მემკვიდრეობას" საზეიმო პრეზენტაცია 15 ივლისს, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე შედგება, რომლის ფარგლებშის, ნაკრძალის ტერიტორიაზე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება მოეწყობა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"