პროფესიულ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს არჩევენ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მისი მმართველობის სისტემაში შემავალი პროფესიული სახელწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
მათ შორისაა მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიც, რომლის სამხატვრო ხელმღვანელი ამ დრომდე ლია სულუაშვილია. მისი განმარტებით, ჯერჯერობით კონკურსში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს.
"თუ უკეთესად წარმართავს სხვა პიროვნება თეატრის საქმიანობას, კი ბატონო, არ მაქვს პრეტენზია კონკურსში მონაწილეობა მივიღო. შევხედავ, თუ კანდიდატი ჩემს აშენებულს დაანგრევს, აუცილებლად ჩავერთვები პროცესში. ჯერ ვაცდი. ვნახოთ ვინ შემოიტანს განაცხადს მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე" – განუცხადა "მეცხრე არხს" ლია სულუაშვილმა.
როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევა საბჭოს მიერ, კონკურსის წესით მოხდება. მისივე განმარტებით, შერჩეულ კანდიდატებს შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარუდგენს. კანდიდატებს სექტემბერში კულტურის მინისტრი დაამტკიცებს.
" კონკურსის პირობები განთავსებულია ჩვენ ვებ-გვერდზე. სექტემბერში მინისტრის მიერ, 23 თეატრში დამტკიცდება სამხატვრო ხელმძღვანელები. ჩვენ ყველა თეატრთან გვაქვს კომუნიკაცია. მე ვფიქრობ, რომ კონკურსი უმტკივნეულოდ ჩაივლის, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან პროფესიონალური მრჩეველთა საბჭო, რომლის განახლება წელს მოხდა. ახალი საბჭო დაკომპლექტებულია გამოცდილი და კვალიფიციური თეატრმცოდნეების, დრამატურგებისა და ხელოვნებათმცოდნეებისაგან", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება 11 ივლისიდან დაიწო და 14 აგვისტომდე გაგრძელდება. კონკურსის პირობები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.