ახალციხის ციხეზე, "პოლონეთის დახმარება 2017-2018 – ბედნიერები ერთად" პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდამჭერი ფესტივალი "იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად" გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთში შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები და საგანგებოდ მოწვეული ანსამბლები. რაბათში, ახალციხის ციხეზე საზეიმო კონცერტი ჩატარდა, სადაც შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, მასტერკლასები და საინფორმაციო კამპანია გაიმართა, რომლის მეშვეობითაც რეგიონში მოქმედმა ორგანიზაციებმა სტუმრებს საკუთარი პროგრამები გააცნეს.
ფესტივალის მიზანს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ღონისძიებაზე ინკლუზიური სკოლების, სარეაბილიტაციო და საინტეგრაციო ცენტრების აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ.
ფესტივალისთვის ახალციხეში ჩამოვიდა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი. ღონისძიებას ახალციხის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ფესტივალი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანასური მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოში ფესტივალის კოორდინატორია
,,ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის, (კამილიელების) ფილიალი საქართველოში.
ფოტოების მოწოდებისთვის მადლობა ჯაბა ნათენაძეს.