ახალციხის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო. თვითმმართველობამ, 2017 წლის შესახვედრად, ქუჩების მორთვისთვის და საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ტენდერი 39 614 ლარზე გამოაცხადა.
კულტურის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მორთვა სავარაუდოდ, 20 დეკემბრიდან დაიწყება.
საახალწლო აქსესუარებით მოირთვება თამარაშვილის, შოთა რუსთაველის, 9 აპრილის და იუსტიციის სკვერები, ცენტრალური პარკი. დაგეგმილია განათების ბოძებსა და ხეებზე საახალწლო ფერადი სტრინგებისა და გრილანდების დამაგრება, 9 გზაჯვარედინის მორთვა.
ლითონის კონსტრუქციები – ანგელოზები, ვარსკვლავები, ცხვრები, ნაძვის ხეები, ირმები და ეტლი დამაგრდება ქალაქის შემოსასვლელში და პოლიციის შენობასთან არსებულ წრიულებსა და სკვერებში. საახალწლოდ, ხელოვნურ ნაძვის ხეს, ცენტრალურ პარკში დადგამენ.
საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს დილიდან დაიწყება. დღის პირველ ნახევარში, ცენტრალურ პარკში, პატარებისთვის კოსტიუმირებული ღონისძიება გაიმართება. ბავშვებისთვის ბრენდირებული ბუშტები და ტკბილეულის 500 სასაჩუქრე ჩანთა მზადდება.
საღამოს კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება. მოსახლეობას, ახალი წლის დადგომას, ადგილობრივი შემსრულებლები მიულოცავენ. კონცერტი ფოიერვერკით დასრულდება. საახალწლო დეკორაციის დემონტაჟი 15 იანვარს მოხდება.