14 იანვარს, ქართული თეატრის დღე აღინიშნება
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საქართველოში 168 წლის წინ პირველი სპექტაკლი, სწორედ ამ დროს დაიდგა.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა.
პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – “ბერიკაობა”, მოგვიანებით – “ყეენობა”.
მიუხედავად ამისა, ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა “გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 168 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრს.
1850 წლის 14 იანვარს საქართველოს დედაქალაქ თბილისში პირველი სპექტაკლი “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
როგორც პროფესორი ვასილ კიკნაძე განმარტავს, გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღევანდელი თბილისის №1 სკოლა. რედ.) შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი თეატრის საერთაშორისო დღე, 27 მარტს, აღინიშნება. ამიტომ თეატრის საერთაშორისო დღე საქართველოში ნაკლებად არის პოპულარული.