26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხეში სპორტული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. ძირითად ნაწილს ახალციხის ციხე უმასპინძლებს, თუმცა, ღონისძიებები გაიმართება ხელოვნური ტბისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიებზეც.
26 მაისის აღნიშვნა, 12:00 საათზე სპორტული შეჯიბრით დაიწყება. მძლეოსნები პაატა ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე გარბენს მოაწყობენ. პარალელურად სადგურის მიმდებარედ დილიდან გამოიფინება საბრძოლო ტექნიკა.
13:00 საათზე ახალციხის ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე Rider’s dream – ის წარმოდგენა გაიმართება.
14:00 საათიდან ღონისძიებები ახალციხის ციხეზე გადაინაცვლებს, სადაც 18:00 საათამდე ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყობა; გაიმართება სპორტულ აქტივობებში: ჭიდაობაში, ჭადრაკში, ნარდსა და მკლავჭიდში შეჯიბრებები; მოეწყობა თოჯინების თეატრის წარმოდგენა; ასევე, მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ სახე მოიხატონ. პარალელურად გაიმართება სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.
18:00 საათზე მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სპორტული ცეკვების ანსამბლები წარსდგებიან. სიმღერებს შეასრულებენ ადგილობრივი ინდივიდუალური შემსრულებლებიც.
გალა–კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფი “რეგიონი,” ჯგუფი “ფორტე”, დათუნა მგელაძე და თიკა მახალდიანი მიიღებენ.
26 მაისის ღონისძება საქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდება.
თიკო კურტანიძე