ახალციხის მერია: ,,სამწუხაროა, რომ სიუჟეტში არ მოხვდა კადრები, რომელიც ჯგუფმა რაბათში გადაიღო"
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის
პირველ არხზე, გადაცემა „მოამბეში“ გასულ სიუჟეტს ახალციხის ციხეზე, კერძოდ ციტადელზე დაზიანებული კედლებისა და ჭერის თაობაზე.
,,სამწუხაროა, რომ აღნიშნულ სიუჟეტში არ მოხვდა კადრები, რომელიც „მოამბის“ გადამღებმა ჯგუფმა რაბათში გადაიღო და რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთში არის მკაცრი კლიმატური პირობები, რის გამოც ყოველწლიურად ზიანდება ახალციხის ციხის გარკვეული მონაკვეთები, რომლის შეკეთებაც ადრეული გაზაფხულიდან იწყება.
მიმდინარე წელს ციხის ტერიტორიაზე რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს. მთლიანად შეკეთდა კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოები. ამჟამად მიმდინარეობს ბრტყელი გადახურვის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით აღდგენილია დაახლოებით 300 კვად. მეტრი ფართობი. პარალელურად, მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული ციტადელის საკონფერენციო დარბაზის შიდა სამუშაოები, რომელიც დასრულდება მაისის დასაწყისისთვის.
რაც შეეხება შენობების გარე ფასადების სამუშაოებს, პროექტი უკვე მზად არის. შესალესია დაახლოებით 1000 კვად. მეტრის ფართობი, რომლის სავარაუდო ღირებულება 20 000 ლარია. თანხა უკვე გამოყოფილია, სამუშაოები დასრულდება მაისის ბოლომდე, ანუ აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე.
გარდა ამისა, დაზიანებული მონაკვეთების ნაწილი არის კომერციული ფართები და ხელშეკრულებით ვადებულები არიან შენობა- ნაგებობების მოვლა- პატრონობაზე . პარალელურ რეჟიმში აქაც მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება. ამ დროისთვის დასრულებულია რესტორან „ რაბათის“ სახურავისა და შენობის შიდა პერიმეტრის რეაბილიტაცია. დარჩენილი ფართების შეკეთება დასრულდება მიმდინარე წლის 20 მაისამდე.
ახალციხის ციხის კომპლექსი მზადაა მიიღოს სტუმრები და ვიზიტორები. მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, ხელს არ შეუშლის ტურისტების მიღებას" – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.