„მედიას რთული პერიოდი ელის“ - მამუკა ანდღულაძე
დღეიდან, პირველი აგვისტოდან ე.წ „რუსული კანონი“ ძალაში შევიდა, რომელიც არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას ავალდებულებს. რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.
ქვეყანაში მოქმედ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობას უკვე აქვს გამოხატული პოზიცია, რომ ბაზაში, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად არ დარეგისტრირდებიან. შესაბამისად, მათ საქმიანობაში დღეიდან ყველაზე რთული პერიოდი იწყება, იმის ფონზე, რომ მალე ოფიციალურად წინა საარჩევნო კამპანიაც დაიწყება, არასამთავრობოების ნაწილი და მედია ამ პროცესებში უნდა ჩაერთოს.
„წინა საარჩევნოდ რთული პერიოდი ელის მედიას და მათ შორის რეგიონულ მედიას, ფრთხილად უნდა იყვნენ. მეტი ძალისხმევა გამოიყენონ და მაქსიმალურად იმუშაონ იმისთვის, რომ მეტი მოქალაქე იყოს ინფორმირებული და სწორი არჩევანი გააკეთონ, რადგან წელს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია“- გვეუბნება მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე.
მამუკა ანდღულაძე კარგად იცნობს საქართველოში არსებულ მედია გარემოს და იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე დგას. მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღებამდეც ჟურნალისტებს მუშაობა რთულ და საფრთხის შემცველ ვითარებაში უწევდათ, რაც ხელისუფლების მხრიდან იყო წახალისებული, ახლა კი კანონის ამოქმედების და მით უფრო ძალაში შესვლის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი გამოწვევა ელით.
„ჟურნალისტების მიმართ წახალისებული ძალადობა, არასათანადო გამოძიება, დეზინფორმაციის გავრცელება, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, რაც ზეგავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე - ეს არის არასრული სია, არსებული პრობლემების. ამ დროს დაემატა ე.წ „რუსული კანონი“, რომელიც მიმართულია არასამთავრობოების და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ რომ საბოლოო ჯამში მოქალაქეებმა ხმა ვერ მიაწვდინონ ერთმანეთს, საზოგადოებას, ვერ მოახდინონ თვითორგანიზება და ერთმანეთის დახმარება“ - ამბობს მამუკა ანდღულაძე.
სხვების მსგავსად მამუკა ანდღულაძეც ფიქრობს, რომ ვითარების შეცვლისთვის გადამწყვეტი, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება, ამიტომ ახლა ბევრი რამ არის მედიებზე თუ სხვა ორგანიზაციებზე დამოკიდებული, რომ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს, რათა საზოგადოებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.