,,შეძენა, შენახვა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე ამნისტია გამოცხადდება" –გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა
და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევისთანავე გამოაცხადებს ამნისტიას მათთვის, ვინც სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარების გამო იხდის.
„რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო უამრავი ახალგაზრდა, მათ შორის, ხელოვანები, ნიჭიერი ადამიანები, დღემდე იხდიან სასჯელს მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის. ჩვენი პარტნიორების - რესპუბლიკური პარტიის ინიციატივით, რომელსაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ, პირველსავე დღეს, როგორც კი გავიმარჯვებთ გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა, შენახვა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ციხეშია“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, გაგრძელდება ხელმოწერების შეგროვება კონსტიტუციაში შესწორების შეტანის მიზნით, რომ „საქართველო არასოდეს გახდეს ნარკოპლანტაცია“.
„კონსტიტუციაში შევიტანთ შესწორებას და ჩვენ ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ საქართველო არასოდეს გახდეს ნარკოპლანტაცია და საქართველოს ხელისუფლება არასოდეს გახდეს ნარკობარიგა; არასოდეს საქართველოს ახალგაზრდობამ თავისი უბედურებით ვიღაც არ გაამდიდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.
2 ნოემბერს, რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. პარტიის ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საერთო ინტერესის საგანია, მათ შორის იყო პრეზიდენტის მიერ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი.