დღეს ყარაბაღში დუმილის რეჟიმი გამოცხადდა. 15-დან 20 საათამდე დრო, ორივე მხარემ, დაღუპულთა მოსაძებნად გამოიყენა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მმართველობაში განაცხადეს, რომ აღნიშნული რეჟიმის დაწყება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა, რასაც ორგანიზაციაშიც ადასტურებენ.
მშვიდობიან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს – ამბობენ ახალციხეში. ეთნიკურად სომეხი და ქართველი მოსახლეობა თანხმდება, რომ საქართველომ ნეიტრალური პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
ახალციხის სომხური ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი, კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში, კავკასიაში არასახარბიელო მდგომარეობას პროგნოზირებს. ედუარდ აივაზიანი დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბარში განვითარებული მოვლენები აზერბაიჯანის მხარემ, ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად დაიწყო. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლებას, მიმდინარე მოვლენებზე შეფასებასა და რეაქციას უწონებს.
საქართველომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ყარაბაღში სიტუაცია დასტაბილურდეს – ამბობენ ახალციხეში. თუმცა ეჭვობენ, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ქვეყანა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს და მიმდინარე მოვლენები გავლენას კავკასიის ყველა რესპუბლიკაზე იქონიებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოცი წლის მანძილზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ამ მასშტაბის დაპირისპირება არ მომხდარა.
|