დავით გარეჯის მონასტერში პრობლემა კომისიის ცვლილებამ გამოიწვია
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ უდაბნოს მონასტერი გადაკეტა და მესამე დღეა სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი.
დავით ზალკალიანის თქმით, პროცესი შეფერხებული იყო "კომისიებში არსებული ცვლილებების გამო" - კომისიაში აზერბაიჯანული მხრიდან ცვლილებები უკვე განხორციელდა, ხოლო საქართველოს მხარე ამ საკითხზე უახლოეს დღეებში იმსჯელებს.
აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებენ.