პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და კონფლიქტების მოგვარება სამხედრო ძალის გარეშე – სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციის შემთხვევაში შეძლებს, ეფექტურად გაუმკლავდეს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას. თუმცა, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. ამის მიზეზად კი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების დონეს ასახელებენ.
საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება – ეს ოფიციალური თბილისის პოზიციაა. ამაზე 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების პირველი პირები შეთანხმდნენ. ქართული მხარის მთავარი ამოცანა იმ პირობების შესრულებაა, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს.
ქვეყანა, რომლისთვისაც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და რეგიონული სტაბილურობა მნიშვნელოვანია, არჩევანს დასავლეთზე აკეთებს – ამბობს როინ ყავრელიშვილი. პროფესორი მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირის გარდა, საქართველოსთვის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უკეთესი გარანტი არ არსებობს. ყავრელიშვილი ყურადღებას ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ დემოკრატიული ქვეყნებისთვის, სადაც მოქალაქეების უფლებებს პატივს სცემენ.
ნატო სამხედრო–პოლიტიკური ალიანსია, რომელიც 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ევროატლანტიკურ კავშირში ქვეყნები, ერთი მთავარი იდეის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარშემო ერთიანდებიან. ამ ორ კომპონენტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ასოცირების ხელშეკრულებაშიც.
|