პოლიტიკა
ვლადიმერ ხომერიკს ახალციხეში საპატიო სიგელი გადასცეს
ახალციხეში, 20 ოქტომბერს, ახალი ორგანიზაცია - ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ დაფუძნდა, რომლის ხელმძრვანელიც ბიზნესმენი, მესხური კოშკის ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილია. ორგანიზაციის პრეზენტაცია რიტუალების სახლში გაიმართა, რომელსაც ,,რუსულ-ქართული ურთიერთობების ფონდის“ ხელმძღვანელი, პუტინთან დაახლოებული პირი ვლადიმერ ხომერიკი ესწრებოდა.
ვლადიმერ ხომერიკის განცხადებით, ,,რუსეთს სურს მეგობრული და პარტნიორი საქართველო ჰყავდეს გვერდით. ხელს უშლის ოპოზიცია, მაგრამ დღეს სხვა ძალა არ არის, თუმცა მოიძებნება ისეთი პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ გაერთიანდნენ და მოლაპარაკებები დაიწყონ რუსეთთან".
100-მდე მოქალაქე, რომელიც დღეს გამართულ პრეზენტაციას დაესწრო, ძირითადად თბილისის, თელავის, გორისა და ახალციხის მაცხოვრებლები არიან. შეხვედრას ესწრებოდა მსახიობი გივი სიხარულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ შეხვედრას მხოლოდ ვლადიმერ ხომერიკთან მეგობრობის გამო ესწრებოდა.
შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. პრეზენტაციის დასასრულს ვლადიმერ ხომერიკს სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის ახლად დაარსებულმა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სიგელი გადასცა.
გოჩა პარუნაშვილის განცხადებით, ორგანიზაცია, სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობაზე იმუშავებს. შემდეგი ნაბიჯები იქნება ახალგაზრდებს შორის გაცვლითი პროგრამები როგორც საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ სფეროში.
ვლადიმერ ხომერიკი, ახალციხეს მაისის თვეშიც სტუმრობდა. მაშინაც ასევე ორგანიზაციის გახსნისთვის ჩამოვიდა, რომლის პრეზენტაციაც არ შედგა.
შეიძლება, დაგაინტერესოთ:
,,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევით, რუსეთმა საქართველოს ეს ტერიტორიები შეუნარჩუნა“ – ვლადიმერ ხომერიკი
ახალციხის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციას დარბაზი არ მიაქირავა
გააზიარეთ :