ირაკლი ღარიბაშვილის პოსტიდან გადადგომას ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები აფასებენ. ისინი ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება 2016 წლის არჩევნების სამზადისს უკავშირდება და არ არის გამორიცხული იგი „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომრად მოგვევლინოს.
პრემიერი იყო გულანთებული ქართველი–ასე აფასებს ახალციხის მერი, ბოლო წლებში ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას. გიორგი კოპაძე არ მალავს, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის მიერ პოსტის დატოვება მოულოდნელი იყო. რას შეილება უკავშირდებოდეს არჩევნებამდე 10 თვით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლა – ქალაქის მერი ისევ ღარიბაშვილის სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ მუდმივი არაფერია. მუნიციპალიტეტის გამგებელი კი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ეს თავად ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო.
პრემიერის მოულოდნელ განცხადებას, გადადგომასთან დაკავშირებით, ახალციხეში პოლიტოლოგებიც აფასებენ. რომან გოგოლაური ფაქტს იმით ხსნის, რომ არჩევნები მოდის და ყოფილი პრემიერი ამისთვის ემზადება. სხვა მიზეზებზე საუბარი პოლიტოლოგს უჭირს. გოგოლაური ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის გადადგომით, შესაძლოა მხოლოდ როგორც, მინისტრთა კაბინეტში, ისე რეგიონებში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. იგი პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილს ასახელებს.
პრემიერის გადადგომის მიზეზებზე ვერც, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადიგენის საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი საუბრობს. რომან გოგოლაურის მსგავსად, გოდერძი კუბლაშვილიც ამ პროცესს წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირებს. თუმცა ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ხარვეზები ბევრი იყო, ამიტომ ღარიბაშვილის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებოიბიდან წასვლის შესახებ სპეციალური განცხადება 23 დეკემბერს გააკეთა, თუმცა მას არც მიზეზები დაუსახელებია და არც პრემიერობის მომავალი კანდიდატი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი მოვალეობის შემსრულებელია. არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.
|