ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში დაწყებული კამათი ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვით გაგრძელდა. სამართალდამცველებმა დღეს ქალაქ ახალციხის საკრებულოს წევრი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ ჯიმშერ გოგოლაური დაკითხეს. მისი თქმით, ახსნა–განმარტებითი ჩვენების მიცემა ახალციხის მერის მიერ თოქშოუ „დიალოგში“ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოუწია. ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ აღნიშნულ საქმეზე მალე გიორგი კოპაძესაც დაკითხავენ.
ჩვენების მიცემის პროცესი, დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საქმის მოკვლევას ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი 11 დეკემბერს შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.
გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
|