პოლიტიკა
დეპუტატი, რომელმაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ახალციხე-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი "სრულ მხარდაჭერას" უცხადებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 პრინციპით უნდა ჩატარდეს (საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პროპორციული სიით შევა, 30 კი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება).
მანამდე, 2019 წლის 14 ნოემბერს, ენზელ მკოიანი იყო სამიდან ის ერთი პარლამენტარი, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა და ამის გამო, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა დღეს, 20 ივნისს ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ 19 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
"უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებები კიდევ ერთხელ განვიხილეთ და მის მიმართ სრული მხარდაჭერა დავადასტურეთ. შეხვედრაზე ერთობლივად განვიხილეთ პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი", - წერს ენზელ მკოიანი.
გააზიარეთ :