როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო დღეებში
„ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ბოლო დღეებში ბიძინა ივანიშვილის ქონება 30 მლნ დოლარით არის შემცირებული. Forbes-ის მილიარდერთა ინდექსის თანახმად, მისი ქონება 4.8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან ერთადერთია, ვინც მილიარდერთა რეიტინგებში გვხვდება. „ბლუმბერგს“ ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.
„ივანიშვილმა კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა,“ - იუწყება გამოცემა.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია. Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში სულ 500 მილიარდერია.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Amazon-ს დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება 182,6 მლრდ დოლარს შეადგენს. გამოცემის ინფორმაციით, 1,54 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა Amazon-ს კაპიტალიზაციაც.