ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასაც ხვდებიან, რათა პრიორიტეტები გამოკვეთონ. გამგებლის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხები იმ პრობლემებზე გადანაწილდება, რომელიც მუნიციპალიტეტს ყველაზე მეტად აწუხებს.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების მოწესრიგება და სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლის მოგვარებაც ადიგენის მაცხოვრებლებს, 2016 წელს სურთ. ადგილობრივების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დასახლების იერსახეზეც უნდა იზრუნოს.
ადიგენის სოფლების მაცხოვრებლებისთვის 2016 წლის პრიორიტეტები კი სოფლამდე მისასვლელი გზებია. მათი თქმით, არის დასახლებები სადაც ავტომობილით გადაადგილება შეუძლებელია, ზამთრის პერიოდში კი სოფელი ცენტრს სწყდება. გლეხები, ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ ფინანსურ დოკუმენტში თანხები გზების მოწესრიგებისთვის გაწერონ. აბასთუმნის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას კურორტში არსებული პრობლემები გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ადიგენის მუნიციალიტეტის გამგებლის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ პრობლემების გამოსაკვლევად და პრიორიტეტების შესარჩევად იგი მოსახლოებას ხვდება. თუმცა რა პროექტები მოხვდება მთავარ ფინასურ დოკუმენტში, გამგებელს ამის დაკონკრეტება უჭირს.
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა დოკუმენტს განსახილველად წარმომადგენლობით ორგანოს გადაუგზავნის. გამგეობაში ამბობენ, რომ საკრებულოს წევრების გარდა, მას ადგილობრივი მოსახლეობაც გაეცნობა და მასში შესწორებასაც შეიტანს, რის შემდეგაც მთავარი ფნანსური დოკუმენტი დამტკიცდება, რა თანხას შეადგენს 2016 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – ამას გამგეობაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
|