“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისის კარი უკვე გახსნილია, თუმცა, რამდენიმე საათის წინ ,,ქართული ოცნების წარმომადგენლებმა შესასვლელი აჭედეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ოფისთან აქცია მოაწყეს, სადაც ყოფილი ხელისუფლების საქმიანობა და ე,წ, ციხის კადრები ტრანსფარანტებითა და შეძახილებით დაგმეს.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყნიდან გაქრობის სურვილი დღეს აქციის 30–მდე მონაწილემ ხმის გამაძლიერებლებითა და ტრანსპარანტებით გამოთქვეს. აქტივისტებმა ოპოზიციური პარტიის ახალციხის ოფისს კარი აუჭედეს და ხმამაღალი შეძახილებით ე.წ. ციხის კადრები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ, ზოგიერთი მათგანი კი ამას უარყოფდა. აქტივისტები სხვადასხვა ქალაქიდან და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ზოგიერთი მათგანი სახესაც მალავდა. ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდნენ, სახელსა და გვარს არ ამბობდნენ და მედიის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ტერიტორიის დათვალიერება 112–ში შესული ზარის საფუძველზე გადაწყვიტეს.
მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.“ ზურაბ სადათიერაშვილმა მათ ოფისთან განვითარებულ პროცესებს ცენტრიდან მართული უწოდა. იგი ვარაუდობს, რომ ე.წ. ციხის კადრებს ხელისუფლება ოპოზიციის რეიტინგის დასაწევად იყენებს და კიდევ რამდენჯერმე გამოაქვეყნებს.
მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო. “მეცხრე არხთან” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეა მიხანაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით მიმდინარეობს, აღნიშნული ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.
|