ადიგენის საკრებულოს დეპუტატები 1 ნოემბრამდე საკუთარ ამომრჩევლებს უნდა შეხვდნენ და მათ შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ– აღნიშული საკითხი დღეს დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა კამერასთან კონკრეტულად მათი ინიციატივით მოგვარებული საკითხების გახსენება უჭირთ.
1 ნოემბრამდე, ადიგენის გამგებელმა და საკრებულოს ყველა წევრმა ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები უნდა გამართონ და მათივე საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინონ – კანონმდებლობის მიხედვით, მოსახლეობასთან შეხვედრა საკრებულოს წევრთა პირდაპირი ვალდებულებაა, თუმცა საჯარო შეხვედრების ფორმა და ანგარიშის წარდგენის წესი, ადიგენის საკრებულოში დღეს დაამტკიცეს. თუ რომელ შესრულებულ სამუშაოებზე გააკეთებენ ანგარიშს, რომელიც მათი ძალისხმევით მოგვარდა, დეპუატატთა უმრავლესობამ ვერ გაიხსენა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სხდომაზე განიხილეს, 2015 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იყო. სიახლის მიხედვით, თვითმმართველობაში ორი მნიშვნელოვანი მიმართულების დაფინანსება შემცირდა. საგზაო ინფრასტრუქტურიდან დაზოგილი 15 500 და დასუფთავების ხარჯზე მორჩენილი 15 800 ლარი ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის სუბსიდიის გაზრდისა და სხვადასხვა მიმართულების გაძლიერებისათვის გადანაწილდება.
კითხვაზე, რატომ შემცირდა საგზაო ინფრასტრუქტურისა და დასუფთავების კუთხით გამოყოფილი თანხა, მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტში ორივე მიმართულებით პრობლემები არსებობს – საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ აღნიშული თანხა ტენდერებიდან მორჩენილი ნაშთია და იგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვანი სუბსიდია იქნება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულს 6 ოქტომბრის სხდომაზე დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს. მათი უმრავლესობა საკრებულოს წევრებმა ერხთმად მიიღეს.
|