ოპოზიციამ მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტი გააფორმა
მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილი ოპოზიცია სამ დოკუმენტს აწერს ხელს.
დოკუმენტების შემდეგი შინაარსით არის წარმოდგენილი:
უარი საპარლამენტო მანდატებზე
ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა, ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.
პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.
პოლიტიკური პარტიების განცხადება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით
2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას.
report.ge