“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 4 იანვრიდან განახლდება
პარლამენტი 4 იანვრიდან "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას განაახლებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ და სავარაუდოდ, იმავე დღეს სესიაზე გავა.
არსებული პროექტის მიხედვით, ამნისტიის აქტი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება. ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ის ნასამართლობის არმქონეა, თუ დაზარალებული თანახმაა ამნისტიის გავრცელებაზე ან თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა.
"ჩვენ ვიმუშავებთ გარკვეული მიმართულებით, გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუ როგორი იქნება მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი. შედეგად მივიღებთ დაბალანსებულ და სრულფასოვან ამნისტიას, რომლითაც საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე ისარგებლებს. მუშაობა წავიდა იმ მიმართულებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მეტი შეღავათის მიმცემი მოქალაქეებისთვის. ჩვენი სურვილია, გარკვეული გაფართოება ამნისტიის არეალის და მათ შორის, ბუნებრივია, იყოს ყველა ისეთი დანაშაული, რომელიც ერთი მხრივ, ინარჩუნებს იმ ძირითად მიდგომებს, რომელსაც ეფუძნებოდა თავდაპირველად ამნისტიის კანონპროექტი და მეორე მხრივ, ეს საფრთხეს არ უქმნიდეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და ამ კრიტერიუმების მიხედვით, გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვფიქრობ, რომ იარსებებს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას.