"დესტაბილიზაციისკენ მივდივართ და ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს“, - ოპოზიციის შეფასებები ახალციხიდან
როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი შევიდა და პარტიის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, მოვლენების ეპიცენტრში ახალციხიდან პარტიის 18 მხარდამჭერი იმყოფებოდა. მათ შორის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი. პარტიის წევრი ამბობს, რომ ხისტი ნაბიჯები ახალი პრემიერის ხელწერაა, რასაც დასავლეთის მხრიდან მკაცრი პოზიცია მოჰყვება.
„დღეს 23 თებერვალია და რუსული არმიის შემოსვლის ასი წლის თავზე სპეციალურად დაგვესხნენ თავს. ბუნებრივია, დასავლეთიდან მოჰყვა მკაცრი გამოხმაურება. ეს იყო ყველფრის პიკი, რაც საბოლოოდ, ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ახალციხეში დავით ბალიაშვილი.
ადგილობრივი ოპოზიცია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს საპარლამენტო არჩევნებში ხედავს. „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ ადგილობრივი ლიდერები ამბობენ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული გზიდან დღეს უკან დაიხია.
„მე არავის მხარეს ვარ ამ შემთხვევაში, თუმცა ფაქტია, რომ მელიას ხელისუფლება უსამართლოდ ექცევა. სამართლიანობა უნდა აღდგეს, ამისთვის კი საჭიროა რომ მმართველი ხელისუფლება გადადგეს“, - ამბობს „ლელოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯუმბერ ინასარიძე.
„მთავრობამ წინსვლის ყველანაირი პერსპექტივა მოგვისპო. საბჭოთა არმიის შემოსვლის დღეს დაამთხვიეს, დესტაბილიზაციისკენ მივდივართ ნელ-ნელა და შიში მაქვს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს“, - განაცხადა „ევროპული საქრთველოს“ ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ახალციხის ორგანიზაციაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ განაცხადა, რომ პარტიაში ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.
შეგახსენებთ, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილი აქცია დაიწყო. მოქალაქეები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ.