განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორად გაიყო
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 79-ხმით, ერთხმად მიიღეს.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ორ სამთავრობო უწყებად - განათლების, მეცნიერების და კულტურის, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად ყალიბდება.
გარდა ამისა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს ინიციატივა, რომლითაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან კულტურის სფერო ცალკე გამოიყოფა და ახალი საპარლამენტო კომიტეტი - კულტურის კომიტეტი იქმნება.