პარლამენტმა 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის აქტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ. პლენარულ სესიაზე კენჭისყრას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დეპუტატებთან ერთად ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საკანონმდებლო ორგანოში, ასევე დარეგიტრირებული იყო ამნისტიის აქტის ოპოზიციის მიერ შემუშავებული ვერსია, თუმცა ქართულმა ოცნებამ ის ივნისში ჩააგდო.
ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.
ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების მიერ კანონპროექტში კი აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.