ადიგენის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის ნაგვის გადასახადი განისაზღვრა–დასუფთავების მოსაკრებლის დადგენილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ოპოზიციური პატრიის წარმომადგენელთა პროტესტის მიუხედავად, სხდომაზე ყველა საკითხი უმრავლესობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა. ხმაურიანი სხდომა და მიღებული სიახლეები ადიგენის მაცხოვრებელბისათვის.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური დასუფთავების მოსაკრებლის დადგენილების პროექტმა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის ნაგვის გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრით, ხოლო ორგანიზაცია–დაწესებულებებისათვის დაკავებული ტერიტორიის 1 კუბურ მეტრზე 25 ლარით განისაზღვრა. ინიციატივის ავტორი და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი დავით ტაბატაძე ამბობს, რომ დაკავებული ფართის მიხედვით გადაიხდიან დასუფთავების მოსაკრებელს მაღაზიები და სპორტული და კულტურული დაწესებულებები. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, კითხვაზე გადაიხდის თუ არა ნაგავის გადასახადს ის მოსახლე, რომლის სოფელშიც ნაგვის კონტეინერი დგას, მაგრამ პირი აღნიშული კონტეინერით არ სარგებლობს, ავტორი გვპასუხობს, რომ საკითხი მუშავდება.
დასუფთავების მოსაკრებლის შესახებ, სხდომაზე წარდგენილ დადგენილებას მხარი 4–მა დეპუტატმა არ დაუჭირა. მათი თქმით, საკითხი შესასწავლი იყო და დადგენილების მიხედვით მოსახლეობას პრობლემა შეექმნებოდა. თუმცა, სხდომაზე უმრავლესობამ დოკუმენტი მიიღო.
ხმაური მოჰყვა საფინანსო–საბიუჯეტო ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თანამდებობაზე ნანა ბარბლიშვილის არჩევასაც. ყოფილმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ლობჯანიძემ, სხდომაზე განმარტა, რომ აღნშნული პოსტი საპასუხისმგებლო იყო და წარდგენილ პიროვნებას საკმარისი კომპეტენცია არ გააჩნდა. თუმცა ფარული კენჭისყრის საფუძველზე, არჩევნებში მონაწილე 20 დეპუტატიდან ნანა ბარბლიშვილის კანდიდატურას მხარი 18–მა მათგანმა დაუჭირა 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
7 აპრილის ადიგენის საკრებულოს სხდომაზე 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა. ზაქარია ენდელაძის თქმით, გასული წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 255 ათასი ლარით განისაზღვრებოდა, რომელიც სრულად იქნა ათვისებული და პროექტებიც წარმატებით დასრულდა. მან დეტალურად მიმოიხილა ყველა შესრულებული სამუშაო და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი განხორციელებული პროექტების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ერთ–ერთ წამყვან პოზიციაზეა.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწიენებული 8 საკითხი განიხილეს. სხდომა გამგებლის მოხსენებით გაიხსნა. რა დროსაც ერთ–ერთ საკითხად ინფრასტრუქუტრების მოწყობა და დაბის ტერიტორიაზე 4 საპირფარეშოს მშენებლობა დასახელდა. ზაქარია ენდელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიის დეპუტატების ქილიკის საგანი გახდა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა მაინც გაგრძელდება. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი მალხაზ ბოჩიკაშვილი კი ამბობს, რომ აღნიშნულ ობიექტებს არავინ აკონტროლებს, წყალი არ მიეწოდება და ბინძურდება.
|