ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში საჯარო მოხელეთა განაცხადების შერჩევა დასრულდა. გამგეობის ადმინისტარციული სამსახურის უფროსის თქმით, ამ ეტაპზე კონკურსანტებთან შეტყობინებების გაგზავნა მიმდინარეობს. ილია ზარდიაშვილის თქმით, 31 ვაკანსიაზე 232 კონკურსანტის 564 განაცხადი შევიდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მეორე ეტაპზე კონკურსში მონაწილეობას 193 აპლიკანტი მიიღებს.
გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი, საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა. ხოლო რაც შეეხება საკრებულოში შესულ განაცხადებს, 83 აპლიკაციიდან, 46 ადამიანი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციით დაინტერესდა. როდის ჩაუტარდებათ კონკურსანტებს ტესტირება, ჯერ–ჯერობით უცნობია. სავარაუდო თარიღად კი 18 აპრილი სახელდება.
|