იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე და ხმაური ადიგენის მუნიციპალიტეტში–,,ქართული ოცნების“ დეპუტატების მოთხოვნით, ამავე პარტიის წევრმა ლევან ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა. დაახლოებით ერთ საათში კი საკრებულომ ახალი ხელმძღვანელი, იმედა მღებრიშვილი აირჩია. რა გახდა თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი და რა კავშირი აქვს აღნიშნულ საქმესთან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს, ავთანდილ კაჭკაჭაშვილს.
ლევან ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით მისივე პარტიის წევრებმა გადააყენეს. აღნიშნულის მოთხოვნით საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ 15–მა დეპუტატმა მიმართა, რის შემდეგაც საკრებულოს სხდომაზე ინიციატივას 21 დეპუატატიდან მხარი 17–მა მათგანმა დაუჭირა. თავად ლობჯანიძე ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენება სამცხე–ჯავახეთის გუბერნიის დავალებით მოხდა, აღნიშნულ საქმეს კი გუბერნატორის მოადგილე, ავთანდილ კაჭკაჭაშვილი ხელმძღვანელობდა. ლობჯანიძე ,,მე–9 არხთან“ განმარტავს, რომ გუბერნიას თანამდებობაზე მისი დანიშვნა არც თავის დროზე უნდოდა.
ლობჯანიძის ბრალდებებს უარყოფს გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი. მისი თქმით, თავმჯდომარის გადაყენებას ,,ქართული ოცნების“ წევრები რამდენიმე თვის წინაც მოითხოვდნენ, თუმცა მაშინ სიტუაციის დარეგულირება მოახერხა. გუბერნატორის მოადგილე ირწმუნება, რომ იგი საკრებულოს საქმიანობაში არ ჩარეულა და ლობჯანიძის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.
იმედა მღებრიშვილი, რომელზეც ლევან ლობჯანიძე საუბრობს, მისი იმპიჩმენტის წესით გადაყენებიდან დაახლოებით, 1 საათში იმავე დეპუატეტებმა თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი მხოლოდ ,,ქართული ოცნების“ 16–მა დეპუტატმა დაუჭირა. რაც შეეხება საკრებულოს სხვა წევრებს, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ახლად დანიშნული თავმჯდომარე ,,მე–9 არხთან“ ირწმუნება, რომ ლობჯანიძის გადაყენება მათი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა და ისინი გუბერნიის დავალებით არ მოქმედებენ. მღებრიშვილის თქმით, ლობჯანიძეს ,,ქართული ოცნების“ წევრებთან კომუნიკაცია არ ჰქონდა და მათ წინადადებებს არ ითვალისწინებდა.
ლევან ლობჯანიძის გადაყენებისა და მის ადგილზე იმედა მღებრიშვილის არჩევისათვის გამართულ ფარულ კენჭისყრებში მოანაწილეობა არ მიუღიათ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებს. მათი თქმით, პრობლემა ,,ქართული ოცნების“ გუნდშია, ამიტომ თანამდებობის პირთა ცვლა მდგომარეობაზე არ აისახება.
რატი ტატალაშვილი საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან
ლევან ლობჯანიძის გადაყენების შემდეგ ადიგენის მუნციპალიტეტის საკრებულოში ახალი თავმჯდომარის იმავე სხდომაზე არჩევის ინიციატივა ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მოითხოვეს. ხმათა უმრავლესობით დღის წესრიგში საკითხი ბოლო პუნქტად შევიდა.
თამაზ ძაძმია
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 30 დეპუტატია. მათგან 22 ქართული ოცნების, 6 ნაციონალური მოძრაობისა და 2 ,,ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენები. დღევანდელ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მხოლოდ მმართველი პატიის დეპუტატებმა მიიღეს. ლევან ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი სხდომის ოქმში არ მოხვდა. საკრებულოში განმარტეს, რომ ოფიციალური მიზეზი გამოკვეთილი არ იყო.
|